სპორტი
თაროზე შემოდებული პროექტი
სტადიონი საფარის გარეშე, უსწორმასწორო ზედაპირი სათამაშო მოედანზე და დაზიანებული ტრიბუნები - ახალციხის ცენტრალური სტადიონი, ორ ათეულ წელზე მეტია ასე გამოიყურება. მისი რეაბილიტაცია ექვსი წლის წინ გადაწყდა, თუმცა პროექტი სამუშაოების დაწყებამდე შეჩერდა.

ახალციხელი მძლეოსანი ანი ენდელაძე თბილისის ღია ჩემპიონატიდან სამ თებერვალს მესამე ადგილით დაბრუნდა. 15 წლის გოგომ საშუალო დისტანციაზე სირბილი ხუთი წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუ მძლეოსნებს სარბენი ბილიკი ექნებათ.

„ფეხბურთელისთვის თუ ბურთია მთავარი, ჩვენთვის არის ბილიკი. იდეალური იქნებოდა, თუ მოედნის გარშემო გაკეთდება რეზინის ბილიკი. ასე უფრო გაგვიმარტივდება ვარჯიში. ახლა ზედაპირი სწორი არ არის და შეიძლება, სირბილისას ფეხი გადაგიბრუნდეს“, - ამბობს ანა ენდელაძე, რომელიც ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ყოველ დღე, რამდენიმე საათი ვარჯიშობს.

„თოვლში, წვიმასა და ტალახში დავრბივართ. ზამთარში ბილიკი იყინება და ჩვენთვის ვარჯიში რთულია. ფეხი სრიალებს და შეიძლება ტრავმა მიიღო“, - ამბობს მორბენალი მარიამ ზედგინიძე.



სტადიონის მდგომარეობა და მოედნის საფარი ყველაზე დიდ პრობლემას ფეხბურთელებს უქმნის. გელა მაისურაძე ცხრა გუნდს სხვადასხვა მინი სტადიონებზე ამეცადინებს.
„გაზონი ფაქტიურად აღარ არის. სტუმარი გუნდები რომ ჩამოდიან, მეორედ აქ თამაში აღარ უნდათ. ჩვენი ბიჭებიც ძალიან წვალობენ. ბოლო წლებია ამბობენ, რომ აი ახლა დაიწყება გაკეთება, თუ გარემონტდება მივესალმებით, ფეხბურთელები დიდ სტადიონს უნდა შეეჩვიონ და ივარჯიშონ”, - ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში გელა მაისურაძე.

მოედნის საფარზე განსაკუთრებით, გასვლით შეხვედრებზე ჩამოსული ფეხბურთელები ჩივიან.
„ახალციხეში მოსაგებად ჩამოვედით. ვიცოდით, რომ მოედნის საფარი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც საჭიროა, მაგრამ ასეთსაც არ ველოდით. ხელოვნურ სტადიონს ვართ შეჩვეული და გაგვიჭირდა აქ თამაში, ამიტომ ვერ დავდეთ სასურველი შედეგი“, - თამაშის დასრულების შემდეგ განუცხადა „მეცხრე არხს“ „ვარკეთილის“ ფეხბურთელმა სერგი ქავთარაძემ.



მიხეილ იაძის სტადიონის რეაბილიტაცია 2013 წელს გადაწყდა. პირველ ეტაპზე ორი - ძირითადი და სავარჯიშო სტადიონის, კალათბურთის მოედნის, სასტუმროს, ტრიბუნების, სარბენი ბილიკების და მოედნის ბუნებრივი საფარის მოწყობა იგეგმებოდა. რეაბილიტირებულ სტადიონს მსოფლიო დონის ჩემპიონატებსთვის უნდა ემასპინძლა.

„უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს საპროექტო სამუშაოებისთვის. 2014 წლის იანვრიდან კი დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ წელსვე ახალციხის სტადიონი იქნება მასპინძელი სხვადასხვა მაღალი დონის ღონისძიებების“, - ეს განცხადება მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა 2013 წლის ნოემბერში, ახალციხეში ვიზიტისას გააკეთა.

საპროექტო სამუშაოებისთვის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და არქიტექტორები ცენტრალური სტადიონს 2014 წლის მარტში ესტუმრნენ.

“ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გვქონდა გათვალისწინებული, 3 მლნ. ევრო გამოყო მძლეოსნობის ოლიმპიურმა კომიტეტმა. ჩვენი თანხით უნდა მოგვეხსნა მოედნის ზედა გფენა, გაგვეკეთებინა დრენაჟები და დანარჩენს დონორი გააგრძელებდა“, - ამბობს ახალციხის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. მისი თქმით, პროექტი მზად იყო, სამუშოები უნდა დაწყებულიყო, როცა მისი უფლებამოსილება დასრულდა.

„ერთ წელში საკმაოდ მასშტაბური მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. 2014 წელს ჩვენი დეპუტაციის უფლებამოსილება დასრულდა. ახალმა თვითმმართველობამ თანხა სხვა პროექტებზე გადაანაწილა. არ მიაქციეს ამ პროექტს ყურადღება. ფედერაციამ დაინახა რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ინტერესი აღარ ჰქონდა დაუარი თქვა“, - აცხადებს ოლეგ სანდროშვილი.



რატომ შეჩერდა დაწყებული პროექტი ან როდის დაიწყება სტადიონის რეაბილიტაცია - ამ კითხვებს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში არ უპასუხეს. მათი წარმომადგენელი ახალციხეში კი ამბობს, რომ ეს საკითხი მათთვის ისევ პრიორიტეტულია.
„ეს თემა დღის წესრიგში სულ არის. დოკუმენტურად ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ რაღაცები იგეგმება”, - ამბობს ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, არაფერს გეგმავენ.

„სტადიონთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი იგეგმება. მიმდებარედ საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს, სტადიონს მოცულობითი თანხა სჭირდება. პროექტიც არ არის ჯერჯერობით. დონორი თუ გამოჩნდება მაშინ შეიძლება“, - მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ ახალციხის მერიაში.

ახალციხის ცენტრალურ სტადიონს ძირითადად, ფეხბურთის, რაგბის და მძლეოსნობის გუნდები იყენებენ. ტერიტორიის არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, მესხი სპორტსმენები შეჯიბრებებიდან საპრიზო ადგილებით ბრუნდებიან.
| Print |