ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა დაეცემა და მოთოვს - როგორი ამინდი იქნება რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

სამცხე-ჯავახეთშიც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, 16 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 4 და ღამით კი მინუს 9 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით მინუს 3 , ღამით კი მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით მინუს 4 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 9. ადიგენში დღისით მინუს 6, ღამით მინუს 8 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 8, ღამით მინუს 17 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 9-ს, ღამით მინუს 20 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 6 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 9, ღამით კი მინუს 14 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 3 გრადუსი იქნება.
| Print |