რეგიონი
რუსებმა უკრაინას 90-მდე რაკეტით და 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინას 90-მდე რაკეტითა და „შაჰედის“ 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

„ღამის განმავლობაში იყო 60-ზე მეტი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის თითქმის 90 რაკეტა. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ებრძვის ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების აღმოჩენის გარეშე. „არავინ დარჩება დახმარების გარეშე. ელექტროენერგიის აღდგენა გრძელდება. ხარკოვი და რეგიონი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, პოლტავას ოლქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ოდესის ოლქი, ხმელნიცკი და რეგიონი, ვინიცა, ფრანკოვსკის ოლქი - ყველგან, სადაც საჭიროა აღდგენითი სამუშაოები ღამიდან გრძელდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის პარტნიორებს ესმოდეთ შეფერხებებისა და გადავადებული გადაწყვეტილებების ფასი.

„Patriot-ის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ მოსკოველი არაადამიანებისგან“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს რუსები თავს დაესხნენ უკრაინის რამდენიმე ქალაქს და ქვეყნის ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს, დნიპროს ჰიდროელექტროსადგურს.

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსებმა დღეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს.

მისი თქმით, მტრის მიზანია სახელმწიფოს ენერგოსისტემის მუშაობის მასშტაბური შეფერხების პროვოცირება. თავდასხმის გამო, უკრაინის რიგ ოლქებში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.
| Print |