რეგიონი
24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
ვლადიმერ პუტინმა, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის გამო, 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

პუტინი თავდასხმას "სისხლიან და ბარბაროსულ" ტერაქტს უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მომხდარიდან თითქმის 20 საათის შემდეგ, საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მიმართა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები მომხდარის შემდეგ, "უკრაინისკენ დაიძრნენ" - "ყველა, ვინც დგას კროკუსზე ტერაქტის უკან, დაისჯება" - ამბობს პუტინი. 

,,ეს არის პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია, რის შესახებაც გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება. კრემლის ტირანმა თავისი კარიერა ამით დაიწყო და სურს დაასრულოს იგივე დანაშაულებით საკუთარი მოქალაქეების მიმართ" - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში

პუტინის თქმით, ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის ტერაქტის ოთხივე შემსრულებელი დაკავებულია. იქამდე კი მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონში, შემოღებულ იქნა დამატებითი ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებები. 

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად მიიჩნევა.
| Print |