მზად ვართ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შევთავაზოთ მოედანი მოლაპარაკებებისთვის - ყაზახეთი
ყაზახეთი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზოს მოედანი მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ასტანა მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის სურვილს, გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, დავაახლოოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნები და გავხსნათ გზა ურღვევი მეგობრული ურთიერთობებისთვის, მშვიდობისა და სტაბილური განვითარებისთვის”, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ სომხეთის მთავრობის ხელმძღანელმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებამ შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია რეგიონში.
„ჩემს კოლეგას წარვუდგინე უახლესი მოვლენები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და დავადასტურე სომხეთის მთავრობის მზადყოფნა რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებულ სამ პრინციპზე დაყრდნობით.
ეს არის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განხორციელება ალმა-ათის დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, მიღებული 1991 წლის 21 დეკემბერს, ასევე რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.