შეიძლება თუ არა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონება
როგორ შეგვიძლია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონება - ამის შესახებ ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.
,,თვითნებურად მიწების მითვისების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა საქართველოში.
ადამიანები ცდილობენ, გააფართოონ საკარმიდამო ტერიტორია. ან სახელმწიფო მიწაზე ააშენონ ნაგებობა, რათა დროთა განმავლობაში დაისაკუთრონ მითვისებული ტერიტორია.
შეიძლება მიწით ათწლეულები სარგებლობდეთ, მაგრამ ის თქვენ არ გეკუთვნოდეთ. 2007 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელშიც განისაზღვრა, თუ რა წესით უნდა მოხდეს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში, ანუ მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. ყველაზე ნიშანდობრივია, რომ მიწის ნაკვეთით ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლამდე უნდა სარგებლობდეთ, რათა მისი საკუთრებაში დარეგისტრირების საფუძველი გქონდეთ.
ეს მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე საკარმიდამო. მთავარია, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდეს და არ შედიოდეს იმ კატეგორიის მიწათა ნუსხაში, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. მაგალითად, პირუტყვის გადასარეკი ტრასა, დაცული ტერიტორიები, ან რეკრეაციული დანიშნულების ტყე-პარკები. ზუსტი ჩამონათვალი კანონშია გაწერილი.
კანონი ასევე განსაზღვრავს, თუ რა ითვლება თვითნებურად დაკავებულ მიწად და ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი. თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაცია შეუძლია მოითხოვოს იმ პირმა, რომელმაც დაიკავა ეს მიწა, ასევე მის მემკვიდრეებს. რეგისტრაციაც შეიძლება როგორც დაინტერესებული პირის მოთხოვნით, სპორადულად, ასევე სახელმწიფოს მიერ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში. თუ ფიზიკური პირი სპორადულად ითხოვს მიწის რეგისტრაციას, მან საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს. მის დასარეგისტრირებლად ორი გზა არსებობს:
1. უნდა დამტკიცდეს, რომ ამ ტერიტორიაზე 2007 წლამდე განლაგებული იყო საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა. მითითებულ დროს შენობა უნდა ყოფილიყო აშენებული, მშენებარე ან დანგრეული.
2. მეორე საშუალება კი არის იმის დამტკიცება, რომ თქვენს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას 2007 წლამდე შემოუერთეთ მომიჯნავე მეზობელი მიწის ნაკვეთი და დღემდე არ სარგებლობთ მისით".