შსს-ს თანამშრომლებმა ჯავახეთში, თოვლში ჩარჩენილი 45 მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
სამაშველო ღონისძიებში ჩართულნი იყვნენ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები. მათ დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე, თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს.
სამართალდამცველებმა, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებიდან 4 მოხუცი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა მგზავრი და ავტომანქანა ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანილია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.