ბორჯომში საკრებულოს სხდომის ოქმის ატვირთვას ელოდებიან
28.02.2018
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის ოთახი პიკეტირებული ჰქონდათ, ფოიეში
გადაინაცვლეს და აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ საკრებულოს მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს არ ნახავენ. ამასთან, მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ.
ამბობენ, რომ საკრებულომ დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილება მერიაში დღესვე უნდა გააგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობას არ დატოვებენ.
საკრებულოს აპარატში კი განმარტავენ, რომ დღევანდელ სხდომაზე 30 საკითხი იყო დამტკიცებული და დოკუმენტს ფიზიკურად დღეს ვერ გააგზავნიან.
დღის ბოლოს, ბორჯომის საკრებულოს 17–მა დეპუტატმა, რომელთა შორის, 13 „ქართული ოცნების“ წევრი იყო, სხდომა თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოგიჩიშვილის ხელმძღვანელობით გამართა და მოთხოვნილი გაზრდილი სახელფასო ნუსხა დაამტკიცა.
დღეს ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევაკი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის იყო.
საკრებულოში სხდომა დღისითაც გაიმართა, თუმცა ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების გამო ხელფასების საკითხი ვერ დაამტკიცეს.
შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.
ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი სერგო რატიანიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლიკანში იმყოფებოდა და შექმნილი კრიზისული ვითარების გამო ადგილზე მისვლა გადაწყვიტა. ბორჯომში არსებული ვითარების შესახებ მედიასთან კომენტარი ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გედევან ფოფხაძემაც გააკეთა.
,,ეს ადამიანები ვერ ნახულობენ ურთიერთობის სხვა ფორმას, თუ არა შეურაცხყოფები და დაპირისპირება, გამოსავალი შეიძლება სხვადასხვა მოიძებნოს, მაგრამ ერთერთი შეიძლება იყოს არჩევნების ხელახალი ჩატარება".
ბორჯომში ამ დროისთვის 150-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი, რომელიც სხდომის ოქმის ატვირთვას ელოდება.