საქართველოს პრეზიდენტმა ხანძრისგან დაზიანებული ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
27.04.2017
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელს, ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი დაათვალიერა
, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხანძრის შედეგად დაზიანებული კედლის მოხატულობის კვლევა და გაწმენდა განხორციელდა.
საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ვარძიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უმასპინძლეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოხდა კედლის ფრესკების გაწმენდა ჭვარტლისაგან, მოხდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.