პოლიტიკა
თვითმართველობის თანამშრომლების ნაწილი უსამსახუროდ რჩება
ქალაქ ახალციხისა და თემის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაცია დაიწყო. ორივე თვითმმართველობაში თანამშრომლები მოსალოდნელ გათავისუფლებაზე გააფრთხილეს.
ახლა საჯარო მოხელეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია – მათ კომპეტენციას სპეციალურად შექმნილი კომისია აფასებს.
კომისიის შედეგები განსაზღვრავს, ვინ დარჩება სამსახურში და ვის მოუწევს სახლში წასვლა.

ქალაქ ახალციხის მერიისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს. საჯარო მოხელეებს დაკავებული პოზიციების დატოვება, ორივე მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო მოუწევთ.

კონკურსით შერჩეულმა თანამშრომლებმა, კიდევ ერთი კონკურსი უნდა გაიარონ. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, საჯარო მოხელეთა პროფესიული შეფასება თითქმის დაასრულა. კომისიის წევრები მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ქულებს მათი გამოცდილების, კომპეტენციისა და უნარებ–ჩვევების მიხედვით უწერენ.

კომისიის მინიჭებული ქულებით, ახალციხის მომავალმა მერმა, გაერთიანებული მუნიციპალიტეტის თანამშრომლების არჩევის დროს უნდა იხელმძღვანელოს. თემის გამგებელი ირწმუნება, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და ეჭვები, რომლებიც თანამშრომლებში ჩნდება, უსაფუძვლოა.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში. გასაუბრება ახალციხის მერიის 73 და საკრებულოს 6 თანამშრომელთან ჩატარდა. კომისიის წინაშე არ წარსდგებიან შპს–ს, აიპების თანამშრომლები და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოხელეები.


ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას – ამბობენ სამოქალაქო სექტორში. საიას იურისტები საჯარო მოხელეებს, რომლებიც ჩათვლიან, რომ მისი შეფასება არასწორად მოხდა, სამართლებრივ ბრძოლას ურჩევენ. ქეთი ბებიაშვილი პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად, კომისიის მიერ საჯარო მოხელეთა შეფასება, არჩევნებამდე 10 დღით ადრე უნდა დასრულდეს.


თვითმმართველობებში ამბობენ, რომ ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული და მასზე მუშაობა გრძელდება. ორივე მუნიციპალიტეტში დასაქმებულები შიშობენ, რომ მომავალი მერი სუბიექტური შეხედულებებით იხელმძღვანელებს, კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და ვაკანტურ ადგილზე, მისთვის სასურველ პირს დანიშნავს.


| Print |