საზოგადოება
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ კაპრალს რაბათის სასაფლაოზე დაკრძალავენ
ახალციხელი ირაკლი აფრიამაშვილი, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს,  ქვეითთა პირველ ბრიგადაში მსახურობდა. ბრიგადა გორში მდებარეობდა, რის გამოც კაპრალმა მალე, გორშივე იყიდა სამოთახიანი ბინა და სოფელ ახალშენში სახლი, მიწის ნაკვეთით.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გორში ნაპოვნი გარდაცვლილი სამხედრო დათხოვნაში იმყოფებოდა. ,,სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს" - ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო, რომელსაც სამხედრო ნაწილში მსახურის 20-წლიანი სტაჟი ჰქონდა, თავისუფალ დროს მიწაზე მუშაობდა და, როგორც მეზობლები ჰყვებიან, მათაც ხშირად ეხმარებოდა. მეზობლების როგორც გორში, ასევე ახალციხეში უჭირთ იმის დაჯერება, რომ  სამხედრომ თავი მოიკლა.

თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან ირაკლი აფრიამაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილს ახალციხეში გლოვობენ. სამხედრო მშობლების სახლში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან 12 იანვარს გადაასვენეს.

“რა მოხდა, არ ვიცით... გარდაცვალების წინა დღეს ჩემს ბიძაშვილს თავის გეგმებზე ელაპარაკებოდა - თვითმკვლელობას თუ აპირებდა, ასე ვინ იქცევა?!” - ამბობს ირაკლი აფრიამაშვილის ბიძაშვილი.

,,ისეთი ადამიანი იყო, მხიარული, ლაღი, ხალისიანი - ასეთ მდგომარეობაში თავს ვინ იკლავს?! თვითმკვლელობის ვერსიას არც კი განვიხილავთ”, - განაგრძობს ოჯახის ახლო ნათესავი.

,,ვიდეოთვალით დაურეკა ნათლიამისს და აჩვენებდა, რომ დავბერდები, კიტრს და პამიდორს მოვუვლი და ვიქნები ჩემთვისო. რაც შემიძლია, ჩემს შვილს გავუკეთებ ყველაფერს და მერე სოფელში ვიფუსფუსებ სიბერეშიო.

თვითმკვლელობა გამორიცხულია, ალბათ მოკლეს და მერე მიიყვანეს მანდ ან თავი მოაკვლევინეს. ამ ბოლოს ხომ ხედავთ, როგორ გახშირებულია ჯარისკაცების თვითმკვლელობები“
, - ამბობს კაპრალის ერთ-ერთი მეზობელი ახალციხეში.

გამოძიება სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზა 11 იანვარს ჩაუტარდა. პასუხები დაახლოებით თვენახევრის შემდეგ გახდება ცნობილი. 41 წლის ირაკლი აფრიამაშვილს 16 იანვარს ახალციხეში დაკრძალავენ. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
| Print |