საზოგადოება
„ეს კანონი მოსწონს ჩვენს მტერს რუსეთს, ეს არის მთავარი პრობლემა“ - ალექსი გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტის მიერ, 28 მაისს მიღებული ე.წ "რუსული კანონი", საქართველოს ტურისტულ მდგომარეობაზე რომ უკვე აისახა, ამაზე ტურიზმის სფეროში დასაქმებულები საუბრობენ.

ევროპიდან ჩამოსული ტურისტების ნაცვლად, გაზრდილია რუსი ვიზიტორების რაოდენობა. რუსეთის მოქალაქეებს ნახავთ არამხოლოდ ტურისტულ ადგილებში, არამედ ქალაქის ქუჩებშიც.

მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბ „აბულის“ დამფუძნებელი ალექსი გრიგალაშვილი წლებია ტურიზმის სექტორშია დასაქმებული. ამბობს, რომ ტურიზმის განვითარება საქართველოში დიდწილად დასავლეთიდან წამოსულმა დაფინანსებამ განაპირობა, შესაბამისად, დიდი იყო სარგებლიანიც. ალექსი გრიგალაშვილი შიშობს, რომ თუ ქვეყანა დასავლურ კურსს შეიცვლის, აღნიშნული ფაქტი, საქართველოში, ტურიზმის განვითარებაზე დადებითად არ აისახება.

რამდენიმე ათეული წელია ამერიკა და ევროპა, ტურიზმს ყველა მიმართულებით ავითარებს და მილიონებით თანხას დებს სხვადასხვა პროექტში რათა მისი პოტენციალი გაიზარდოს. ახლა კი ეს კანონი ძალიან ცუდად აისახება, ვეღარ ვაწარმოებთ და მივაწვდით ახლა პროდუქტს ვიზიტორებს და ა.შ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენს მოკავშირეებს მტერს ვეძახით და ეს კანონი მოსწონს ჩვენს მტერს, რუსეთს“ - ამბობს ალექსი გრიგალაშვილი. ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.

კანონი პირველი აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ასევე ჟურნალისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.

| Print |