საზოგადოება
თუ არაფერი შეიცვალა, საქართველოში ჩემს თავს ვერ ვხედავ - ნარინე გინოსიანი
ნარინე გინოსიანი, ჯავახეთში, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, 1997 წლიდან, ქალებისა და ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნავს. მისი თქმით, 27 წლის განმავლობაში, უცხოეთის მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და სასურველი შედეგიც მიიღო.

ნარინე გინოსიანი ნინოწმინდის „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელია. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ „რუსული კანონის“ შემდეგ როგორ გააგრძელებს მუშაობას ჯერ არ იცის. რაც ნამდვილად იცის ის არის, რომ რეესტრში, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდება.

„მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ „აგენტად“ არ დავრეგისტრირდები. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, აიკრძალება თავისუფალი აზრი, არასამთავრობოებს ჯაჭვურად მიებმება ყველა ორგანიზაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც რუსეთშია“- გვეუბნება ნარინე გინოსიანი.

მისი ერთადერთი იმედი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. ფიქრობს, რომ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან თანაბარი უფლებებით, მრავალპარტიული ხელისუფლება გამოიყვანს და სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოს არ დაემსგავსება.

„ეს კანონი ათასი წლით უკან დაგვხევს. ისევ საბჭოთა დროინდელ საქართველოს და იმ ქვეყნებს დავემსგავსებით, ვინც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან. თუ არჩევნებითაც არაფერი შეიცვალა, გაჩერდება ყველა ორგანიზაცია და გავჩერდებით ჩვენც, ასეთ შემთხვევაში კი ჩემს ადგილს საქართველოში ვეღარ დავინახავ, უბრალოდ შეუძლებელი იქნება აქ მუშაობა“ - გვეუბნება ნარინე გინოსიანი.ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.

კანონი პირველი აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ასევე ჟურნალისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.
| Print |