ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე გაჩენილმა ხანძარმა ოთხი ოჯახი აზარალა. ძირითადად დამწვარია სახურავი.
ერთ–ერთი შენობა, მამუკაშვილების საცხოვრებელი სახლი ყველაზე მეტად დაზიანდა.
შემთხვევა დღეს, 2 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე მოხდა. კოსტავას ქუჩის 50 ნომერში ცეცხლი მეზობელმა შენიშნა და სახანძრო სამსახური გამოიძახა. მანვე გააღვიძა დაზარალებულები და ჯარისკაცების დახმარებით სახლებიდან ავეჯი გამოიტანა.
მეზობლების თქმით, სახანძრო–სამაშველო სამსახურის ჯგუფი ადგილე მალე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
ოთხი სახლიდან ერთი საცხოვრებელი დაკეტილია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.