ოცამდე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ორ მილიონამდე თანხა იხარჯება
11.08.2017
ქალაქ ახალციხის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ერთერთი მთავარი საკითხი, რომელიც
დეპუტატებმა განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები იყო. საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა ნასყიდაშვილმა აღნიშნა, რომ მერიას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავარდნა აქვს.
კომისიის თავმჯდომარისგან განსხვავებით შესრულებული სამუშოები ,,ძალიან კარგად" შეაფასა საკრებულოს დეპუტატმა ,,ევროპული საქართველოდან".
ინფრასტრუქტურული პროექტების არასწორ დაგეგმვასა და მის არაკვალიფიციურ შესრულებაში ბრალს ადგილობრივ ხელისუფლებას ოპოზიციაც სდებს. გარე განათების შეცვლა, ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, სოფლამდე მისასვლელი გზების მოასფალტება – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც ხელისუფლებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"–ს მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძეც ედავება.
ბევრი პროექტის დაგეგმვას და განხორციელებას მიესალმება ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი. მიუხედავად ამისა, ვაჟა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არასწორად იგეგმება და მას არაკვალიფიციური პირები ახორციელებენ.
ოპოზიციისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის შეფასებებს არ ეთანხმება ქალაქის მერი. ვლადიმერ ზედგინიძეს მაგალითად შალვა ახალციხელის ქუჩა მოყავს, სადაც მისივე მტკიცებით, საკანალიზაციო სისტემა მთლიანად მოშლილი აღმოჩნდა, რის გამოც მერიას ჯამში 210 მეტრზე დამატებითი სამუშოების განხორციელება მოუწია. გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო იგი დახმარებას მოსახლეობას თხოვს.
ქალაქ მერის განმარტებით, ახალციხეში ოცამდე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათგან ცხრა პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ვლადიმერ ზედგინიძის მტკიცებით, 12 ქუჩა წყალამრიდებითა და ყველა საჭირო დეტალით თითქმის უკვე რეაბილიტირებულია.