საზოგადოება
საავადმყოფოდან ბავშვებს გაწერენ
ახალციხის საავადმყოფოში დაინფიცირებული 29 ბავშვიდან, მკურნალობას 3 მათგანი აგრძელებს. სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტები ძირითადად საშუალო სიმძიმის იყვნენ. მედიკოსები ძირითადად ორ ვერსიაზე საუბრობენ – ბაქტერია და ვირუსი. საბავშვო ბაღებში ლაბორატორიულ დასკვნას ელოდებიან. ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მყოფი ბავშვების მდგომარეობა, მედიკოსების შეფასებით, დამაკმაყოფილებელია და მათ ხვალ გაწერენ. მოწამვლის სიმპტომები სულ 68 ბავშვს ჰქონდა, აქედან სამედიცინო დაწესებულებას 35-მა მიმართა. მე–5 ბაღის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ მუშაობა მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს ჰოსპიტალში მაღალი სიცხით, პირღებინებით და მუცლის ტკივილით მხოლოდ ერთი ბავშვი შეიყვანეს, თუმცა ამბულატორული დახმარების გაწევის შემდეგ მისი სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა არ გამოიკვეთა. საბავშვო ბაღებში არაგეგმიურ ინსპექტირებას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო დღესაც აგრძელებს. საკვები პროდუქტებისა და წყლის სინჯები თბილისის სხვადასხვა ლაბორატორიაში შესასწავლად გადაიგზავნა –  განმარტავს ,,მეცხრე არხთან“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სიმპტომებისა და გამოგზავნილი ნიმუშების მიხედვით დაადგენს რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის სიმპტომებით გაზრდილი მიმართვიანობის მიზეზი. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ვარაუდობს, რომ ინტოქსიკაცია ვირუსული ინფექციის შედეგია.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით 35 ბავშვი 18 სექტემბერს შეიყვანეს, დღეს მათ რიცხვს კიდევ ორი დაემატა. ყველა მათგანი საბავშვო ბაღების აღსაზრდელია.
















| Print |