შსს–მ, საპოლიციო კონტროლის დროს, სისხლის სამართლის 78 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1 041 ფაქტი გამოავლინა
16.02.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
კონტროლი სამართალდამცველებმა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2017 წლის 14-15 თებერვალს განახორციელეს
შსს–ს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 21 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 23 ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 22 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის:
5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.