80 წლის სულიკო ლომიძე მთავრობისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს
17.02.2017
ახალციხელი სულიკო ლომიძე სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.
80 წლის მოხუცი 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთისა და მიყენებული ზიანის 25 000 ლარის დაბრუნებას ითხოვს.
ამბობს, რომ 1990 წელს, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 200 კვადრატული მიწა გადაეცა, სადაც კოოპერატივის მშენებლობა დაიწყო. 9 წლის შემდეგ, კოოპერატივის ორმა წევრმა ტერიტორიიდან სამშენებლო მასალა მალულად გაყიდა, რის გამოც სულიკო ლომიძემ შედგენილი ოქმის საფუძველზე, დარჩენილი ქონება პირადი დაცვის ქვეშ აიღო.
სულიკო ლომიძის მტკიცებით, 2006 წელს პოლიციის უფროსმა შენობა დაანგრია და სამშენებლო მასალა წაიღო. მის პროტესტს კი სამართალდამცველების მხრიდან დევნა მოჰყვა, ხოლო 2012 წელს ხაშურის პოლიციამ დააპატიმრა, რა დროსაც ლომიძის მტკიცებით, სამართალდამცველებმა აწამეს.
სულიკო ლომიძემ 2008 წელს მიწის ფართობის დაკანონება შეძლო, თუმცა კოოპერატივის ორმა წევრმა მისთვის ნაკვეთის ჩამორთმევის მოთხოვნით ადგილობრივ საკრებულოს მიმართა, რაც საკრებულომ დააკმაყოფილა. სულიკო ლომიძემ შედეგი სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მიწის ნაკვეთის დაბრუნება ვეღარ მოახერხა. 80 წლის მოხუცმა ყველა უწყებაში პრობლემის შესახებ, არაერთი წერილი გააგზავნა, თუმცა საკითხით არცერთი სამინისტროს წარმომადგენელი დაინტერესდა.