21-22 თებერვალს ჩატარებული საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 57 პირი დააკავეს
23.02.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
შსს–ს ინფორმაციით, კონტროლი დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩატარდა.
2017 წლის 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის 80 დანაშაული გამოვლინდა, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი;
ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი;
ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და 118-ე მუხლები) – 2 ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 18 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი "სუბოქსინი", 1 შეკვრა ე.წ. "ბიო" და სხვა.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს.