ყოფილი თანამშრომელი "ახალციხის ციხის" წინააღმდეგ – სამოქალაქო დავის განხილვა სრულდება
20.03.2017
"ახალციხის ციხის" წინააღმდეგ, ნანა მერაბიშვილის სამოქალაქო სარჩელის განხილვა სრულდება.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი გადაწყვეტილებას 21 მარტს მიიღებს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღეს გამართულ პროცესზე, მხარეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებები განიხილეს.
ა(ა)იპ "ახალციხის ციხე" გათავისუფლების არგუმენტად, სუბსიდიის შემცირებას ასახელებს და განმარტავს, რომ მერაბიშვილის გარდა, სამსახურის დატოვება კიდევ რამდენიმე პირს მოუწია. აღნიშნული საშტატო ნუსხების განხილვით გადაამოწმა მოსამართლემ. შენიშვნები ჰქონდა მომჩივანის ადვოკატს. ეკა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციას ნანა მერაბიშვილის გათავისუფლების არგუმენტი არ აქვს.
ნანა მერაბიშვილი სასამართლში გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, დაკავებულ პოზიციაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც დაახლოებით, 9 000 ლარს შეადგენს.
მომჩივანს კომპლექსში მოლარის პოზიცია ეკავა. ის ახალციხის ციხიდან 2015 წლის პირველ იანვარს გაათავისუფლეს.
ეს მესამე შემთხვევაა, როცა ახალციხის ციხეს თანამშრომელი იგივე მიზეზითა და მოთხოვნით უჩივის. ეკატერინე დგებუაძისა და ჯუნა ნათენაძის სარჩელი, მათ სასარგებლოდ დასრულდა.