ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღე იზეიმეს. საღმრთო ლიტურგია წმინდანის სახელობის ეკლესიაში 10:00 საათზე დაიწყო.
შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ადგილობრივმა მორწმუნეებმა, განსაკუთრებულად აღნიშნეს. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობა განმარტა.
“შალვა ახალციხელი თავისი ღვაწლით იმსახურებს იმას, რომ მისი ხსენების დღე საერო დღესასწაულიც იყოს” – აღნიშნა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა.
მეუფე თეოდორემ, წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო მოხელე და გამორჩეული მეომარი შალვა ახალციხელი, მე–12–მე–13 საუკუნეებში მოღვაწეობდა.
უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას, მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად წინამძღოლობდა.
ერთგულების, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა
არაერთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ, შალვა ახალციხელისთვის საბედისწერო გარნისის ბრძოლა აღმოჩნდა.
უთანასწორო ომში იგი ტყვედ ჩავარდა, სჯულის შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც, ჯალალ–ედ–დინმა სიკვდილით დასაჯა.
სწორედ ამიტომ, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, იგი წმინდანად შერაცხა.