მედია
ახალციხის მრჩეველთა საბჭო ალექსანდრე ლომსაძემაც დატოვა
არა რუსულ კანონს , არა რუსულ მონობას , არა ჭაობში დაბრუნებას,დღეიდან ვტოვებ ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს. აზრს ვეღარ ვხედავ მათთან თანამშრომლობას, გაუმარჯოს ერთიან ძლიერ ევროპულ საქართველოს.... - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იურისტი და შეიარაღებული ძალების ვეტერანი ალექსანდრე ლომსაძე.

,,მრჩეველთა საბჭოში მე იმიტომ ვიყავი, რომ ჩემი ქალაქის ელემენტარული პრობლემები მივიტანო და ჩემი წვლილი შევიტანო მათ მოგვარებაში. საბჭოში შესვლამდეც არ ვეთანხმებოდი ქართული ოცნების პოლიტიკას, თუმცა გავხდი მრჩეველი, რათა წვლილი შემეტანა ქალაქის პრობლემების გადაჭრასა თუ განვითარებაში. ხოლო პროტესტის გამოხატვა ნებისმიერი პლატმორმიდან შესაძლებელია, რასაც ყოველთვის ვახერხებდი" - განუცხადა tv9news.ge-ს ალექსანდრე ლომსაძემ.
,,ამ ეტაპზე ვწყვეტ მათთან თანამშრომლობას იმიტომ რომ ჭაობისკენ მიგვაქანებენ, მომავალში კი როცა შეიცვლება ყველაფერი,შეიცვლება მთავრობა, ისევ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ ჩემი ქალაქის და რეგიონის საკეთილდღეოდ!" - აღნიშნავს ალექსანდრე.

ალექსანდრემდე პროტესტის ნიშნად მერიის მრჩეველთა საბჭო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელმა ჯაბა ნათენაძემ და მსახიობმა მანუჩარ გოგოლაურმაც დატოვეს.

მერიის მრჩეველთა საბჭოს 27 წევრიდან პროტესტის ნიშნად სამმა წევრმა დატოვა საბჭო. უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ სახელმწიფო მანქანის ქმედების შემდეგ მერიასთან თანამშრომლობის ფორმას ვეღარ ხედავენ.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 25 აპრილს, 150-ზე მეტმა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამაც მიიღო. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ

,,ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება "რუსულ კანონს" არ გაიხმობს;

ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში"
.

| Print |