მუსიკის მასწავლებლობიდან კონდიტერობამდე - მანიას ბადამბურები
25.06.2022
55 წლის მანია სუჯიანი „ცომთან თამაშს“ დილის 8 საათიდან იწყებს და გვიან ღამით ასრულებს. მუსიკის მასწავლებლად 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახური მიატოვა და საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. ბადამბური, შაქარლამა, გულიანი ქადა - ყველაფერს ბებიის რეცეპტით ამზადებს.
საკონდიტრო 2015 წელს, შვილის დახმარებით გახსნა. თავდაპირველად, საცხობი ავტოფარეხში მოაწყო, შემდეგ კი თანდათან გაფართოვდა. მოგვიანებით ნამცხვრებს ნახევარფაბრიკატები დაამატა - აქ უკვე აკეთებენ ხინკალს, პელმენს, ბლინებსა და თათარბერაკს. ამჟამად საცხობში სამი ქალი მუშაობს.
„ზოგი მეუბნებოდა გაგიჭირდებაო, ისეთი ადგილია, შეიძლება ვერ იმუშაოო. მაგრამ გავრისკე, საქმის ნახევარი ხომ რისკია“, - ამბობს მანია. ის აპირებს, რომ ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოოს. პირველ ეტაპზე, ნაწარმს ქალაქის სავაჭრო ობიექტებში შეიტანს.