შაქარზე საიმპორტო გადასახადი დაწესდა
მთავრობამ შაქრის საიმპორტო გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, როგორც დადგენილებიდან ირკვევა, 100 კილოგრამზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ შაქარი 40 თეთრიანი გადასახადით დაიბეგრება, რაც ტონაზე 400 ლარის მოსაკრებელს ნიშნავს.
დოკუმენტის თანახმად, შაქარზე იმპორტის გადასახადი ქვეყანაში 1 წლის ვადით იმოქმედებს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა იმპორტიორებისთვის 2025 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 22 აპრილამდე იმოქმედებს.
„დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზე, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე. საზღვაო გზით ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო ორგანოს წარედგინება:
კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შაქრის გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.
აღსანიშნავია, რომ შაქრის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველოში 11 084 ტონა შაქარი შემოვიდა (7.019 მლნ დოლარის ღირებულების), რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3 400 ტონაზე მეტია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 7 548 ტონა შაქარი იყიდა (6.078 მლნ დოლარის ღირებულების).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ტოპ-5 ქვეყანას შორის, საიდანაც შაქრის იმპორტი განხორციელდა, მიმდინარე წელს ლიდერობს საფრანგეთი - 4 982 ტონით, მას მოსდევს უკრაინა - 1 275 ტონით, მე-3 ადგილზეა პოლონეთი - 1 080 ტონით. ამასთან, წელს იანვარ-თებერვალში 1 023 ტონა შაქარი შემოვიდა რუსეთიდან და 918 ტონა ნიდერლანდებიდან.