სიახლეები
ახალციხის ციხის უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი პოზიციას დაუბრუნდა
ახალციხის ციხიდან უკანონოდ  გათავისუფლებული  თანამშრომელი,  ეკატერინე დგებუაძე თავის პოზიციას დაუბრუნდა. იგი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ოფიციალურად შეუდგა.  ახალციხის ციხის  დირექტორის მოვალეობის შემრულებლის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება  დაწესებულების ადმინისტრაციამ სისრულეში მოიყვანა,  ხოლო პიროვნებამ, რომელიც მანამდე ეკატერინე დგებუაძის ადგილზე მუშაობდა პოზიცია დატოვა.

დაზარალებულის ადვოკატის ეკა აბაშიძის თქმით, უზენაესმა სასამართლომ  ახალციხის ციხის  საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. ამიტომ  ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რომლის თანახმადაც დაზარალებულს,  იძულებით გაცდენილი საათები უნდა აუნაზღაურდეს.

შეგახსენებთ, რომ  „ახალციხის ციხის“  ყოფილმა დირექტორმა ელგუჯა ბიჭაშვილმა, დაწესებულების თანამშრომელი ეკატერინე დგებუაძე სამსახურიდან 2013 წლის 6 აგვისტოს გაუშვა. ბრძანებაში, გათავისუფლების საფუძველად, შრომითი კოდექსის 37–ე მუხლის დ ქვეპუნქტი მიუთითა, რაც დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ნიშნავდა.


| Print |