საზოგადოება
სიკვდილი გამარჯვების დღეს და ერთი დღით ადრე გახსენებული ომი
„მედლებით შემკული პიჯაკი გამომაღებინა, რომელსაც მხოლოდ ცხრა მაისს იცვამდა. მთხოვა დალაქს დაურეკე, წვერი გამპარსოსო. ღელავდა, პირველი წელი იყო, რომ მემორიალთან ვერ მივიდოდა, ამიტომ სახლში ელოდა სტუმრებს. მითხრა, ხვალ უნდა მომილოცონ და სუფრა გაამზადეო. გამთენიისას შაქარმა აუწია, სასწრაფო სამჯერ გამოვიძახეთ...

ის მედლებიანი პიჯაკი მაინც ჩავაცვით, გარდაცვალების შემდეგ“,
- ასეთი იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ახალციხელი ალექსანდრე პეტრიაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი საათები. რუსუდან პეტრიაშვილის მამა 95 წლის ასაკში მაშინ გარდაიცვალა, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცხრა მაისის აღსანიშნავად ემზადებოდნენ.

გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფი ომის ვეტერანთან სახლში მივიდა. საუბარი უჭირდა, ფეხზე 76 წლის წინ, ომში მიღებული იარა თავს მუდმივად ახსენებდა. ბოლო ერთი წელი საწოლიდან ადგომა უჭირდა, ძირითადად იწვა და ტკივილგამაყუჩებლებს სვამდა.



მეორე მსოფლიო ომში 17 წლის ასაკში, ადიგენიდან წაიყვანეს. იარაღი ხელში პირველად გორში აიღო, სადაც ორი თვე ფრონტზე წასასვლელად ამზადებდნენ. ასწავლიდნენ მხოლოდ იმას, რაც საბჭოთა მეომარს მოეთხოვებოდა. გორიდან 50 ქართველთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში, კარპატების მთებში გადაიყვანეს, სადაც ორი წელი იბრძოდა და მძიმედ დაიჭრა.

„თვითმფრინავის ხმა გავიგე, ვიფიქრე რომ ჩვენსკენ მოდიოდა. ჩამოყარა ბომბები, ტრაქტორის გაჭრილ თხრილში მოვასწარი ჩახტომა, მაგრამ აფეთქების ტალღამ მიწაში წელამდე ჩამმარხა. ბიჭებმა ნიჩბით გათხარეს და ისე ამომიყვანეს. მუხლმა დეფორმაცია განიცადა და ახლაც მტკივა“, -მოუყვა „მეცხრე არხს“. 



მეორე მსოფლიო ომში მონაწილე საქართველოს 700 000 მოქალაქეს შორის, ალექსანდრე და მისი ორივე ძმაც არის.

„სამივე ძმა ფრონტზე ვიბრძოდით, სახლში აღარავინ დავრჩით. ჩემზე უფროსი რომელიც იყო, უფრო ადრე წაიყვანეს, ვიდრე მე. 20 წლის ბიჭმა 14 ჭრილობა მიიღო ერთდროულად, მაგრამ გადარჩა. პატარა ძმამ რომ შეხედა მარტო დარჩა, 15 წლის მოხალისედ წავიდა. გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს ხელში, ჯიბიდან საბუთი ამოუღეს და ნახეს, რომ მოხალისე იყო. უთხრეს, შენი ტოლი საქართველოდან არავინ არ არის, შენ აქ რა გინდაო? დასახვრეტად მიჰყავდათ, მაგრამ გენერალმა დააბრუნა, დაკითხა და „ლაგერში“ გაუშვა. საფრანგეთში მოხვდა. საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა“.

პეტრიაშვილების ერთი ოჯახის სამივე წევრი ფრონტიდან ცოცხალი დაბრუნდა. ბრძოლაში მიღებული იარები სამივეს სიცოცხლის ბოლომდე თავს ახსენებდა.

ჩილაშვილები, მერაბიშვილები, თუმანიშვილები, ბალახაშვილები - ახსოვდა თითქმის ყველა მეომარი, რომელიც ადიგენიდან მასთან ერთად ცივ კარპატებში იბრძოდა. სამამულო ომის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

რვა მაისს ახალციხეში ცხრა ვეტერანი ირიცხებოდა, ცხრა მაისს კი მათი რიცხვი ერთით შემცირდა. ალექსანდრე პეტრიაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვება ბოლოჯერ საწოლში, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე აღნიშნა.

დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა. 9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლების სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისის მასშტაბური აღნიშვნა ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს.

| Print |