28 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მეგი ბაქრაძის ქმრის მანუჩარ კობახიძის თქმით, გამოძიება ოჯახს მტკიცებულებებს არ აწვდის. ამბობს, რომ მხოლოდ მისი დაკითხვის შემდეგ დაკითხეს ექთნები.
მეგი ბაქრაძის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა, მათ შორის არ ჰქონდა გადატანილი არც კორონავირუსი. ირმა ბაქრაძე იმასაც აღნშნავს, რომ 28 წლის გოგოს ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონია, თუმცა ადასტურებს, რომ გარკვეულ მედიკამენტს იღებდა, რომლის სახელი მან არ იცოდა.
იგივეს ფიქრობს მეგი ბაქრაძის დედამთილი. მანანა კობახიძის თქმით, დაკითხვისას გამომძიებლები ყურადღებას მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებდნენ, მაგრამ მას ჯანმრთელობა წესრიგში ჰქონდა. ისინი აგრეთვე ყურადღებას იმ მედიკამენტზე ამახვილებენ, რომელიც მეგი ბაქრაძეს საავადმყოფოში მისცეს, მაგრამ თუ რა მედიკამენტია ეს და ვინ დაუნიშნა ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.