საზოგადოება
პრობლემები და საფრთხეები, რომელიც "რუსულ კანონმა" გამოიწვია
,,სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" სამცხე-ჯავახეთში 2007 წლიდან ფუნქციონირებს. მისი დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ 17 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ, ფერმერთა განვითრებისთვის, სოფლის მეურნეობაში სიახლეების და უცხოური ტექნოლოგიების დანერგვისთვის არაერთი პროგრამა განახორციელა და ამ მიმართულებით დარგი მნიშვნელოვნად შეცვალა.

ე.წ "რუსული კანონის" ამოქმედების შემდეგ, რამდენად შეძლებს, ორგანიზაცია კვლავ ფერმერების მხარდაჭერას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სოფლის მეურნეობაში, უცნობია. გურამ ჯინჭველაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც კანონის ამოქმედებამ უკვე გამოიწვია.

ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს ე.წ "რუსული კანონი" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კანონის მიხედვით, მედიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

ე.წ "რუსული კანონის" მიღების გამო აშშ-მ, მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა. ივნისის თვეში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ევროკომისიის დოკუმენტიც, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურს სანქციებს დააწესებს, შეწყვეტს ფინანსურ დახმარებებს და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს.

დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს. დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

| Print |