ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, მრავალი წელია ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. პრობლემის მოგვარებას პოლიტიკოსები თითქმის ყველ არჩევნების წინ პირდებიან მოსახლეობას. 2019 წლიდან კი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო და მოსახლეობას 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პირობის შესასრულებლად ბოლო ხუთ წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა ორი პროექტის განხორციელებისთვის. თუმცა ვალეში სასმელი წყალი ისევ არ არის.
მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემების შეკეთებას ისევ ელოდება, მანამდე კი მათ ონკანებში წყალი ისევ გრაფიკით და ხშირად დაბინძურებული მოდის. მოსახლეობა ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსლში ავრცელებს. ადგილობრივ ხელისუფლებას, ვალის მოსახლეობა დახმარებას თხოვს.
,,ახალციხის მერიავ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიავ, ბოლო ერთი თვეა უკვე ვალეში მოდის ყველანაირად დაბინძურებული (თავის ჭიებით და თაგვებით და ა.შ.) სასმელი წყალი.
ბოლო რამდენიმე დღეა, ქალაქში სისტემატურად ფიქსირდება ადამიანების (ძირითადად ბავშვების) მოწამვლა და ყველას აქვს თითქმის ერთნაირი ნიშნები, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არაა არანაირი ვირუსი (რადაც ცდილობენ შემოგვასაღონ) და გამოწვეულია სწორედ ამ სასმელი წყლისგან.
რა გინდათ აუცილებლად მიტინგები და გზის გადაკეტვები დავიწყოთ, რომ ეს ცალ-ცალკე გამოხატული უკმაყოფილება ერთდროულად იგრძნოთ და ყური შეიბერტყოთ?
სხვისი არ ვიცი და პატიოსნად ვიხდი წყლის გადასახადს არ გამიცდენია არცერთი თვე და ამას დაემატა, რომ კიდევ უნდა შევიძინო დამატებით სასმელი წყალი და ეს იმ ფონზე, როდესაც ბოლო 5 წელიწადში ამ პრობლემის მოგვარებისთვის დაიხარჯა 10 მილიონი ლარი.
ცოტა "უხერხულობას" ხომ არ გიქმნით ეს მდგომარეობა, იქნება და იკადროთ, გამონახოთ დრო და შეშფოთდეთ მაინც საჯაროდ ან რაიმე განმარტება გააკეთოთ, ხალხი თქვენ გიყურებთ და თქვენგან ელის პასუხებს" - წერს ვალეში მცხოვრები ჯაბა ნათენაძე.
ჯაბას მსგავსად, შექმნილ პრობლემაზე საუბრობს მოსახლეობა.
,,ყველგან მასეთი ნაგავი მოდის!!!ტალახიც კი მოყვება და მატლები ქალაქში" - წერს ნათია ლონდარიძე.
,,ვალელებს არ ვეკითხები რადგან ჩვენიანია, წყალს მოჰყვება ხოლმე. აი ამას ვსვამთ 10 მილიონ ლარად და მერე ვინმეს გიკვირთ რატომ არ ვარ ,,აღფრთოვანებული და კმაყოფილი ზოგიერთი თქვენგანივით ხომ!?. ფოტოზე თქვენ ხედავთ სასმელ წყალს ვალეში, რომელშიც 10 მილიონიანი მატლები ბინადრობენ დაგავიწყდათ და არ იცით რატომ 10 მლნ?! მაგასაც შეგახსენებთ: ზუსტად ამდენი აორთქლდა წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი და 24 საათიანი წყლის ნაცვლად მოგვდის 2-3 საათიანი მატლიანი წყალი" - აღნიშნავს ჯაბა ნათენაძე.
,,არ დაილევა წყალი ისეთი ბინძური და მღვრიე მოდის" - წერს დალი ლომიძე/ხითარიშვილი.
tv9news.ge-ს არაერთი მასალა აქვს მომზადებული აღნიშნულ საკითხზე.
ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას პრობლემურ საკითხზე და ახალციხის მერიიდან და წყალმომარაგების სამსახურიდან, როგორც კი მიიღებს პასუხს, შემოგთავაზებთ.