ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
11.01.2025
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი ქალაქ პასადენას სამხრეთით.
კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარსა და მის შედეგებს მეხუთე დღეა ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა, 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია ათი ათასზე მეტი სახლი და შენობა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს ანჯელესი საომარ ველს შეადარა, კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გადადო, სადაც მათ შორის უკრაინის პრეზიდეტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც უნდა შეხვედროდა.
ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძარი, ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები.
2025 წლის იანვრის ხანძარი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა.
მთლიანად კალიფორნიის შტატში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. მხოლოდ 2024 წელს სხვადასხვა რაიონში 8 ათასზე მეტი ხანძარი იყო, რამაც საერთო ჯამში გაანადგურა დაახლოებით 425 ათასი ჰექტარი.