ახალციხეში, უწყვეტი აქციის 42-ე დღეს საბჭოთა ოკუპაცია გააპროტესტეს
25.02.2025
"შემოდიოდა სიკვდილი ცელით", "25 თებერვალი, ტკივილი რომელიც არ გვავიწყდება!", "არ დავდუმდებით!" "არ დავუშვათ 1921 წლის ისტორიის განმეორება!"- ამ და სხვა შინაარსის შინაარსის ტრანსპარანტებით, ახალციხეში საბჭოთა ოკუპაცია გააპროტესტეს.
შოთა რუსთაველის ძეგლთან შეკრებილებმა საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხეს. 104 წლის წინ მომხდარი მოვლენები აქციაზე გაიხსენა ისტორიკოსმა ცირა მესხიშვილმაც. "რომ გვეგონა, რომ ჩვენ ახლა დავიწყებდით ახალი, დემოკრატიული ქვეყნის შენებას, აღმოჩნდა, რომ ისევ ბრძოლა არის საჭირო" -განაცხადა აქციაზე ცირა მესხიშვილმა.
დღევანდელ აქციაზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა, დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
რუსეთის წითელი არმია საქართველოში 12 თებერვალს შემოიჭრა. მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან შეებრძოლნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
ოკუპაციის ასიათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.