ახალციხეში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი თეატრის "მანიფესტი" გაიმართა. მსახიობებმა, სცენიდან კიდევ ერთხელ გააჟღერეს უკანონოდ დაკავებული პატიმრების სახელები, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და მზია ამაღლობელის, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, საპატიმრო დაწესებულებაში არიან.
გამომსვლელებს სიტყვით მიმართეს, ახალციხეში უწყვეტი აქციის მონაწილეებმა და ახალციხელმა სტუდენტებმა, რომლებიც თბილისის აქციების მონაწილეები არიან. მათ სცენიდან კიდევ ერთხელ გამოხატეს უკანონოდ დაკავებული პატიმრების მიმართ სოლიდარობა.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების გასამართად, ქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ტერიტორიის რამდენიმე საათით დათმობაზე და გზის გადაკეტვაზე, ახალციხის მერიამ უარი თქვა, "მანიფესტი" ტბის ტერიტორიაზე მაინც შედგა და არაერთი ახალციხელიც დაესწრო.
"მეუბნებოდნენ, რომ ახალციხეში 30 კაციც არ დაგხვდებაო, მაგრამ აქ უამრავი ადამიანი მოვიდა. მართლა ვიცით მათ რა გაიარეს. დღესაც პოლიცია ფოტოებს სათითაოდ უღებდა, არ ვიცი ხვალ რა დაემართებათ ამ ადამიანებს, მაგრამ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით დოიაშვილმა.
საქართველოში, ახალი თეატრის "მანიფესტი" გრძელდება. ახალციხის შემდეგ თეატრალური წარმოდგენა თელავში გაიმართება, საბოლოოდ კი შემაჯამებელ საპროტესტო მანიფესტს თბილისში გამართავს.