ვალის მაცხოვრებლებს ზაფხულში გადახდილი წყლის საფასურის ნაწილი უკან დაუბრუნდებათ
17.02.2017
ვალის მაცხოვრებლებს გასული წლის ივნისისა და ივლისის თვეში გადახდილი სასმელი წყლის საფასურის ნაწილი უკან დაუბრუნდებათ.
გადაწყვეტილების აღსრულება "გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ დააკისრა.
ადგილობრივებს გასული წლის ზაფხულში წყალი 7 დღის განმავლობაში არ მიეწოდებათ, თუმცა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" დავალიანება მოსახლეობას სრული რაოდენობით გადაახდევინა.
პროექტის "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირმა" ვალის ხუთ მაცხოვრებელს ადვოკატირება გაუწია და მათი უფლებები გააცნო. ორგანიზაციამ დაზარალებულების ინტერესების დასაცავად, ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას მიმართა და ივნისის თვის დავალიანების კანონის მიხედვით დადგენა მოითხოვა. მიმდინარე წლის 8 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ ხუთივე პიროვნების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
"დაევალოს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" დააკორექტიროს მოქალაქეებზე 2016 წლის ივნისსა და ივლისში დარიცხული მოხმარებული სასმელი წყლის საფასური, დარიცხვა განახორციელოს წესების მე–9 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად და შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მომხმარებლების პირადი აღრიცხვის ბარათებში, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხები გაითვალისწინოს კომპანიასთან შემდგომი ანგარისშწორებისას!"- ვკითხულობთ ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაში.