განადგურებული მოსავალი და უარი ზარალის ანაზღაურებაზე
02.06.2017
სოფელ ხეოთში სეტყვის შედეგებს ახალციხის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს.
პირველადი მონაცემებით განადგურებულია მარცვლოვანი კულტურები და ხეხილი. გარდა ამისა დაზიანებულია სახოვრებელი სახლები, რომლის მდგომარეობასაც კომისიის წევრები ეცნობიან. ახალციხის გამგებლის განმარტებით, დაზარალებულების დახმარებას შედეგების მიხედვით გადაწყვეტენ.
სეტყვა ხეოთში 31 მაისს საღამოს მოვიდა. სტიქია დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ხეხილი, რომელიც ადრიან გაზაფხულზე ყინვას გადაურჩა, სეტყვამ მთლიანად გაანადგურა. დაზიანებულია სიმინდი, ხორბალი, ვენახი, კარტოფილი, ბოსტნეულის ნერგები. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფერმერებს ზარალს აგროდაზღვევა აუნაზღაურებს, თუმცა ხეოთში ამ პროგრამით თითქმის არავინ სარგებლობს.