ახალქალაქში, სამსახურში მისულ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მინა ჩამსხვრეული დახვდათ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დილიდან დაიწყეს. ადგილობრივების თქმით, მინა სროლის შედეგად ჩაიმსხვრა. ახალქალაქში არ გამორიცხავენ, რომ მინა არა ქვის, არამედ ტყვიის შედეგად არის ჩამსხვრეული.
,,სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ახალქალაქში ვისმენთ მხოლოდ აფეთქების, სროლის და ა.შ. ხმებს. უკვე საშიშია ცხოვრება. მეც ჩემი ოჯახით ცენტრში ვცხოვრობ, დილით კი ვიგებ, რომ შენობა არის ჩაცხრილული. ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომის გამო ხდება" - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი არსენ კარაპეტიანი.
ფოტოზე, რომელიც იუსტიციის სახლთან არის გადაღებული, თვითმხილველთა თქმით, არის ტყვია, რომელიც სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ამოიღეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.