სამართალი
კარწახის საბაჟოზე ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ „კარწახის“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1970 წელს დაბადებული ფ.დ. დააკავეს.

შსს–ს ინფომაციით, დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მანქანის შემოწმებისას, მანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 99 აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება“მდმა“ აღმოაჩინეს, რაც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.დ.-ს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, თურქეთიდან საქართველოს გავლით, უზბეკეთში უკანონოდ გადაჰქონდა"
– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

| Print |