სამართალი
წნისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულ ორივე პიროვნებას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორ კახა ლეკიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი მტკიცებით, ყაჩაღობა სოფელ სხვილისში ერთ–ერთი ბრალდებულის ოჯახში დაიგეგმა, რომელიც მეორე დღეს სისრულეში მოიყვანეს. პროკურორის თქმით, ხაშურში მცხოვრებმა პიროვნებამ ნათესავ ოპერატორს კარი მოტყუებით გააღებინა, რა დროსაც, დანით შეიარაღებული მეორე პიროვნება ოფისში შეიჭრა, ოპერატორს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და თანხა გასტაცა.

ერთ–ერთი ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი იცავს, მისი თქმით, დაყაჩაღება გაუცნობიერებლად მოხდა, გარდა ამისა, მომხდარის შემდეგ ერთი მათგანი არ გაქცეულა, გამოიძახა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცველებს ჩაბარდა. რაც შეეხება მის დაცვის ქვეშ მყოფს, იგი სოფელ სხვილისში იმყოფებოდა, დანაშაულის გაცნობიერების შემდეგ კი პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ეს ფაქტორები უნდა გაეთვალისწინებინა.

ყაჩაღობა სოფელ წნისში 27 ივნისს მოხდა. სამართალდამცველებმა ორივე პიროვნება იმავე დღეს დააკავეს.


| Print |
თეგები: წნისი / ყაჩაღობა /