სოფლის მეურნეობა
ვის შეუძლია მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა

„მეფუტკრეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა ჩვენმა ფერმერებმა გააფართოვონ საფუტკრე მეურნეობა და გაზარდონ თაფლის წარმოება. პროგრამის ფარგლებში, ისინი შეძლებენ, როგორც საკუთარი სკების განახლებას, ასევე ახლის შეძენას“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ, რომელმაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ადგილობრივებს მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა გააცნო.

მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უწყების ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. შამუგიას განმარტებით, მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი სკაზე, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.

პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).

„მეფუტკრეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა ჩვენმა ფერმერებმა გააფართოვონ საფუტკრე მეურნეობა და გაზარდონ თაფლის წარმოება. პროგრამის ფარგლებში, ისინი შეძლებენ, როგორც საკუთარი სკების განახლებას, ასევე ახლის შეძენას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფერმერების ხელშემწყობი არაერთი ღონისძიება გავატარეთ, 200-ზე მეტი კოოპერატივი დავაფინანსეთ სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენის, ასევე სკების განახლების მიმართულებით. გავაძლიერეთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ გამოვიყენოთ და ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ამ მიმართულებით გაგვაჩნია და ფერმერებს მხარი დავუჭიროთ ხარისხიანი და მეტი პროდუქციის წარმოებაში“,
- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მეფუტკრეობა რეგიონში საკმაოდ განვითარებული დარგია. სახელმწიფო წლებია მეფუტკრე ფერმერებს სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს. ახალი პროგრამაც ადგილობრივი მოსახელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

| Print |