რელიგია
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ახალციხეშია
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ახალციხეშია. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში იგი ერთი ღამის განმავლობაში დარჩება. ხატის ასლი უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა. იგი სასულიერო პირებმა იერუსალიმში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავებზე წააბრძანეს. შემდეგ კი იტალიის ქალაქი მალფი მოილოცეს, სადაც ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილებია დავანებული. საქართველოში ხატის შემობრძანება ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ კვირეულს დაამთხვიეს.

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ოცი საუკუნის შემდეგ, წმინდა ანდრია მოციქულის ნაქადაგებ გზას გადის. 12 მაისს ხატი, აჭარიდან ახალციხეში ჩამოაბრძანეს. მას მრევლი და სასულიერო პირები მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან დახვდნენ. ხატი ეკლესიაში ერთი ღამის განმავლობაში დარჩება, სადაც სასულიერო პირები ღამისთევის ლოცვებს აღავლენენ.

ხატის ასლი უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა. იგი სასულიერო პირებმა იერუსალიმში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავებზე წააბრძანეს. შემდეგ კი იტალიის ქალაქი მალფი მოილოცეს, სადაც ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილებია დავანებული. საქართველოში ხატის შემობრძანება ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ კვირეულს დაამთხვიეს.

13 მაისს ხატს, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 10:00 საათზე საზეიმო წირვას წმინდა სინოდის წევრები აღასრულებენ. წირვის დასასრულს, ტაძარს პატრიარქი ესტუმრება და პარაკლისს აღავლენს.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის, ბორჯომისა და ბაკურიანის, ურბნისისა და რუისის, გორისა და ატენის ეპარქიების შემდეგ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მომლოცველები სვეტიცხოველში მიეგებებიან. საბოლოოდ კი ხატი თბილისის სამების საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.

აწყურის ხატი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც საქართველოში წმინდა ანდია პირველწოდებულმა შემოაბრძანა.

| Print |