ადიგენში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლას ორ მაცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი აჭარაში, ქორწილში იმყოფებოდნენ. თანასოფლელები ადიგენში დაახლოებით, 10 დღის წინ დაბრუნდნენ, მამაკაცს ვირუსი 19 სექტემბერს აღმოაჩნდა, ქალს კი 20-ში.
კარანტინში გადაიყვანეს ინფიცირებული მამაკაცის ცოლ-შვილი და ქალის და-ძმა, მათი მშობლები კი თვითიზოლაციაში რჩებიან. ჭეჭლის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მერის წარმომადგენლის თქმით, ტესტირება ჩაუტარდათ მოხეს და ღორთუბნის მოსახლეობას, რომლებიც ამავე ქორწილში იმყოფებოდნენ. თეიმურაზ ბლიაძის თქმით, სოფელ ჭეჭლაში 30-მდე პირის გამოკვლევა მოხდა, ყველას პასუხი უარყოფითია.
„ქორწილში ნამყოფია ინფიცირებული ქალიც და კაციც. გოგონას ქედაში ჰქონია ანალიზი აღებული და იქიდან მოვიდა პასუხი. არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ, ბიჭს ველაპარაკე და ახლაც არ აქვს რაიმე სიმპტომი. რადგან ბათუმიდან ჩამოვიდნენ, ამის გამო აიღეს ტესტი. თან ეს ბიჭი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს ადიგენში და ამის გამო უფრო აიღო ანალიზი“, - ამბობს თეიმურაზ ბლიაძე.
ინფიცირებულ მამაკაცს ანალიზი ახალციხის კლინიკა „იმედში“ აუღეს.
„ჩვენთან ამბულატორიულად მოვიდა და გავტესტეთ, ჩააბარა ანალიზი და წავიდა“, - გვითხრა მზია კაკოშვილმა.
ადიგენში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვცადეთ, თუმცა რუიზან ქიმაძე მედიასთან არ საუბრობს.