ჭობისხევში კოვიდინფიცირებულის ანალიზს მესამედ იკვლევენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კოვიდინფიცირებულის ანალიზს მესამედ იკვლევენ. ამის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცის დედამ, ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს ტესტი მესამედ დღეს, 15 ოქტომბერს აუღეს და პასუხი ცნობილი ხვალ გახდება. მისი განმარტებით, პირველმა ტესტმა პასუხი დადებითი აჩვენა, ხოლო მეორედ აღების შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.
"დღესაც აუღეს კიდევ მესამედ ტესტი და ხვალ იქნება პასუხი. გუშინდელი აღებული უარყოფითი იყო. პირველმა კი დადებითი დაადასტურა. არანაირ ნემსს ან რამეს არ უკეთებენ. ჩვეულებრივად არის ოთახში. არანაირი მკურნალობა არ მიდის. არც სიცხე აქვს. დადებითიც რომ იყოს სახლში უშვებენ მაინც ყველა შემთხვევაში. სოფლიდან გარეთ ჩემი შვილი არ გასულა. არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა საზღვარგარეთ მიდიოდა იმიტომ გაიკეთა ტესტი. ამ დილის 04:00 საათზე უნდა გაფრენილიყო. ტესტი რომ არ გაეკეთებინა ,ხომ ვერ გავიგებდით რა სჭირდა" - აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცის დედა.
ჭობისხეველ ახალგაზრდას, რომელსაც აქამდე ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა, მშობლის ინფორმაციით გორის ჰოსპიტალში რჩება, ხვალიდან კი სავარაუდოდ სახლში დაბრუნდება და თვითიზოლაციაში ყოფნას ოჯახის წევრებთან ერთად გააგრძელებს.