,,ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილი საკუთარი სურვილით არ მისულა"
– ამ განცხადებას ჯავახეთში, ,,ევროპული საქართველო“–ს წარმომადგენელი აკეთებს.
ნინოწმინდაში, სოფელ ეშტიის სკოლაში დღეს, დასუფთავების აქცია მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზო, სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
,
,მარტო თავისი სოფლის კი არა, ნინოწმინდის დასუფთავებაც მოინდომეს, რაც აბსურდია" – ირწმუნება არსენ კარაპეტიანი.
სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი ამბობს, რომ დასუფთავების აქცია ერთი კვირის წინ დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა 1–ლი და მეორე კლასის მოსწავლეების გარდა, ყველამ მიიღო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, მისი თქმით, მასთან მასწავლებელთა ის ნაწილი წავიდა, ვისაც თავისუფალი დრო ჰქონდა.
,,შეხვედრაზე მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ დაგეგმილი აქციის გამო ვერ შევძელი, რის გამოც ვთხოვე პედაგოგებს, ვისაც დრო გაქვთ წადით – მეთქი“ - აღნიშნავს ლალაზარ აროიანი
.
არსენ კარაპეტიანის განცხადებით, ,,ქართული ოცნები“– ს ორგანიზებით, ბაღისა და სკოლის თანამშრომლები და მაღალი კლასის მოსწავლეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რათა ხალხმრავლობა ყოფილიყო.
,,გაუკვირდება მმართველ გუნდს, როგორ დაბალ პროცენტს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებზე, რადგან ქართული ოცნების ლიმიტი ამოწურულია ჯავახეთში. აღარ მუშაობს არც დაშინება და არც მოსყიდვა. მასწავლებლები მეუბნებიან, რომ აიძულეს შეხვედრაზე წასვლა.
მთლიანად გადართულნი არიან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. რატომ იცავს პოლიცია სალომეს და რატომ დაჰყვება ასე? გაძლიერებული დაცვით რატომ დადის სალომე? არ შეიძლება მხოლოდ მათ რჩეულ ხალხს ჰქონდეს კანდიდატთან შეხვედრის შესაძლებლობა. მე ვერ შევძელი მასთან შეხვედრა“– აცხადებს არსენ კარაპეტიანი.
ეშტიის სკოლაში 133 მოსწავლე სწავლობს, დასუფთავების აქცია სკოლაში 21 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მონაწილეობა მეხუთე – მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც სოფელ ეშტიის სკოლის ოფიციალურ ფეისბუქზეა განთავსებული.