არჩევნები
19 მაისს შუალედური არჩევნები ტარდება
19 მაისს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი, დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი დასრულებულია. დილის 8:00 საათიდან ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.

არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - 2 ბიულეტენს. ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ 19 მაისს, საარჩევნო ადმინისტრაცია წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის კიდევ ერთ ეტაპს განახორციელებს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა, ცესკოს მიერ, 2018 წელს, 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა.

19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი – ნათქვამის ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში..
| Print |