არჩევნები
ვადა ამოიწურა, აბასთუმნის დეპუტატს სააგიტაციო მასალა ჯერ არ ჩამოუხსნია
დაბა აბასთუმანში რამდენიმე ადგილზე გენადი ბოლქვაძის საარჩევნო პლაკატებია გაკრული. მან საკრებულოს დეპუტატის მანდატი 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე მოიპოვა. „ქართული ოცნების“ წარდგენილ კანდიდატს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვადა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში ჰქონდა.

„საარჩევნო სუბიექტი ვადებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინაღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“, - წერია საარჩევნო კოდექსში.

გენადი ბოლქვაძე ამბობს, რომ საარჩევნო პლაკატები აგიტატორებმა უკვე ჩამოხსნეს.

„არ ვიცი სადმე თუა დარჩენილი. დავურეკავ აგიტატორებს და გავარკვევ. ზემოთ ჩამოხსნილია ყველგან“, - გვითხრა გენადი ბოლქვაძემ.

ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ შემაჯამებელი ოქმი 25 მაისს დაწერეს. შესაბამისად, კანდიდატებს სააგიტაციო მასალები რვა ივნისამდე უნდა ჩამოეხსნათ. 
| Print |