კულტურა
27 ოქტომბერი აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეა
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, 2006 წლიდან, ყოველ 27 ოქტომბერს, აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე აღინიშნება.

დაუდევრობა, განზრახ დაზიანება თუ უბრალოდ ბუნებრივი ცვეთა, განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს მსოფლიოს არქივებში დაცულ ხმის ჩანაწერებს და მოძრავ გამოსახულებებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და ჩანაწერების შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასმის საჭიროება.

UNESCO-სა და აუდიოვიზუალური არქივების ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს (CCAAA) მიერ 27 ოქტომბრის აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღედ დაწესებამ მიაპყრო საზოგადოების ყურადღება ამ ტიპის მემკვიდრეობის დაუცველობაზე.

აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღესთან ერთად, აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის შენახვა-შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით UNESCO-მ 20 წლის წინ შექმნა პროგრამა "მსოფლიო მეხსიერება", რომლის ფარგლებშიც შექმნილი რეესტრი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტურ მასალას, მათ შორის აუდიოვიზუალურ ჩანაწერებს.

აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღის სლოგანი 2014 წლიდან: არქივები საფრთხეშია: უნდა გაკეთდეს მეტი.


● უძველესი ფოტოები გადაღებულია ალექსანდრე ივანიცკის მიერ 1858 წელს, რომლებზეც ასახულია თბილისისა და მცხეთის ხედები.

● პირველი ფონოჩანაწერი თარიღდება 1901 წლით. ჩანაწერში შემონახულია ლოტბარ ალექსანდრე კავსაძის ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები.

● პირველი დოკუმენტური კინოსიუჟეტი1909 წლით თარიღდება - „თბილისის ქალაქისთავის ა. მატინოვის დაკრძალვა“. ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური კინონაწარმოებია.


| Print |