თუკი ვინმე ტოვებს რომელიმე პარტიას და აცხადებს სურვილს შეუერთდეს "ნაციონალებს" - მისასალმებელია
16:35 / 18.08.2020
„ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ, „ნაციონალების“ კანდიდატის მხარდაჭერა არ გაკვირვებიათ ენმ-ს ოფისში. ახალციხის ორგანიზაციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ ვაჟა ჩიტაშვილის თანაგუნდელებმა„ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვონ და „ნაციონალებში“ გადაინაცვლონ. პროცესი უკვე დაიწყო.
„არ დამითვლია, ვერ ვიტყვი რომ ყველა, მაგრამ აღარავინ დარჩება იქ, ალბათ ოცამდე კაცი წამოვიდა. ოფიციალურად არ წამოსულან, უბრალოდ ჩემი მხარდამჭერები არიან, ჩემს გვერდზე იქნებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოფიციალურად არ არიან გაწევრიანებულები“, - გვითხრა ვაჟა ჩიტაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სამცხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია. ახალციხის ოფისში ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვაჟა ჩიტაშვილთან ერთად, კიდევ ოთხი პირი განიხილება. პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, თვის ბოლოს მიიღებს. დიდი ალბათობით, ეს ვაჟა ჩიტაშვილი იქნება, რომელმაც „ევროპული საქართველო“ ორი კვირის წინ დატოვა და „ნაციონალებს“ შეუერთდა.