არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 3 657 საარჩევნო უბანზე ჩატარდება
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან ყველა იმ პროცედურის განხორციელებას იწყებს, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელია. ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, ცესკო მოქალაქეებისთვის ყველა პირობას ქმნის, რომ მათ კენჭისყრის დღეს თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება.

მისივე თქმით, დღეს გამართულ ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი, რომელიც დეტალურად ასახავს არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს.

„ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით, საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას“, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე. დღევანდელ სხდომაზე მიღებული დადგენილებით ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნება 2 - ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნები.

ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობაც.

როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

| Print |