არჩევნები
ენზელ მკოიანს მერია ბილბორდზე ბანერის განთავსების უფლებას არ აძლევს
„ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში ენზელ მკოიანი მერიის თანამშრომლებს წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მკოიანის მტკიცებით, მას ბანერის განთავსებას იმ ბილბორდზე უკრძალავენ, რომელზე ნებართვაც ახალქალაქის მერიიდან 4 წლის წინ მიიღო. ინფორმაციას სააგენტო JNEWS ავრცელებს.

ბილობორდის განთავსებას დეპუტატი ახალქალაქის ციხესთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან შეეცადა, რომელიც თავად მმართველი პარტიის მოქმედ დეპუტატს ეკუთვნის. სააგენტოს ინფორმაციით, ვითარებას აკვირდებოდნენ ადგილობრივი მერიის თანამშრომლებიც. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ადგილზე მივიდა პოლიციაც.

“ყველამ იცის, რომ ეს ბილბორდი კანონის ფარგლებშია დამონტაჟებული. ეს ჩვენი ბოძია. პოლიცია მოვიდა და გვეუბნება “არ დააყენოთო”. ბანერი 4 წლის წინ არის დამონტაჟებული, კანონით და დოკუმენტებით. რატომ უნდათ მოვხსნა? ჩვენთან დემოკრატიაა. რატომ ეშინიათ? ყველაფერი თავისუფლად და ნორმალურად გაკეთდეს. პოლიცია მერიასთან ერთად მოვიდა, გვეუბნებიან “არ ჩამოკიდოთ და მორჩა, ნებართვა არ არის”. ვეუბნები, ნებართვა არის, 2016 წლიდან. ამბობენ “ჩვენ არ გვაქვს”. სიცრუეა, გესმით?”,- განმარტა სატელეფონო საუბარში ენზელ მკოიანმა.

შეგახსენებთ, რომ ენზელ მკიანი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იყრის. მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჯავახეთის ოლქში მაჯორიტარობის კანდიდატად სამველ მანუკიანი წარადგინა.

| Print |