ცესკო პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესს იწყებს
2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ინფორმაციას, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს.
ცესკო-ში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. უწყებას, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
„შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) და შესაბამისად იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს,- პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა)“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.