არჩევნები
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საარჩევნო მედიაცენტრები ამოქმედდა
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საარჩევნო მედიაცენტრები ამოქმედდა. ორგანიზაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში, მსურველებს საარჩევნო თემების განსახილველად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს. 

საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს შეუძლიათ გამართონ ბრიფინგები, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, საარჩევნო დებატები, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები.

"წინასაარჩევნო პერიოდში ქსელის ათივე ცენტრი უსასყიდლოდ უმასპინძლებს იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების, ხმის მიცემის პროცედურების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება. სხვა საარჩევნო ღონისძიებებზე (მაგალითად, ტრენინგები, უორქშოპები, სამუშაო შეხვედრები და ა.შ.) გავრცელდება შეღავათიანი ტარიფები.

არჩევნების დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. ცენტრები გაიხსნება დილის 7 საათიდან და დაიხურება შესაბამის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მედიაორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და საარჩევნო სუბიექტებს ცენტრების გამოყენება შეეძლებათ, როგორც დროებით სამუშაო სივრცედ, ისე პირდაპირი ჩართვებისა და ბრიფინგებისთვის"
- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ცენტრებში სრულად არის დაცული სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები სოციალური დისტანციის დაცვის და სანიტარული ნორმების გათვალისწინებით. 

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ათ ცენტრს აერთიანებს: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯოსა და ქუთაისში.

| Print |